Music
ერეკლე დეისაძე
ერეკლე დეისაძე ქართველი მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი, პოეტი და მწერალია, რომელზეც ნათლად შეიძლება ითქვას რომ 2010-იანი წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართველი არტისტია. მისი პირველი გამოჩენა ფართო საზოგადოების წინაშე 2000-იანი წლების ბოლოს მოხდა, როდესაც ჩამოაყალიბა ბენდი „ეკო და პარალელური თაობა“ - პროექტი დასაწყისიდანვე მუსიკოსის სოციალური განაცხადი იყო, სადაც იგი ქართულ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე აკეთებდა აქცენტს. მალევე იწყება მისი ლიტერატურული კარიერაც - ავტორი დღეს მისი შემოქმედების აღნიშნულ პერიოდს „შოკურ თერაპიას“ უწოდებს.
2012 წლიდან მის შემოქმედებაში ახალი ეტაპი იწყება - თემო ეზუგბაიასთან ერთად აყალიბებს პოსტ-პანკ დუეტს Eko & Vinda Folio, სოლო შემოქმედება კი უფრო მეტად სოციალურ ხასიათს იღებს, იწერება რა სიმღერები „ღარიბთა ლოცვა“ „დადექი მუხლებზე“ სადაც ერეკლე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ელიტებს შორს არსებულ გაუცხოებაზე მღერის.
2015 წელს ერეკლე სადებიუტო სოლო ალბომს უშვებს სახელად „იარე“, სადაც ძირითადად რომანტიკული ხასიათის სიმღერებს მოუყარა თავი. Vinda Folio-სთან ერთად იქმნება დღეისთვის უკვე ცნობილი ჰიტები, „რაც მამას უნდა“ „აგურით ხელში“, რაც ქართულმა საზოგადოებამ მალევე აიტაცა. შემდეგი წლების განმავლობაში აქტიურობდა სწორედ დუეტის ფორმატში - ფრანგულ ლეიბლთან Talitres 2016 წელს გამოუშვეს EP “შენ ანათებ“ და 2019 წელს ალბომი „თერაპია“, რის ფარგლებშიც დუეტს პირველი საერთაშორისო ტური ჰქონდა საფრანგეთში.
2020 წელს იგი აქტიურად მიუბრუნდა სოლო კარიერას და დაიწყო ახალ მუსიკაზე მუშაობა. ალბომი სახელად „ამ ენით ამენ“ 2021 წლის ბოლოს Bloom Music-ზე გამოვიდა და ჰიპ-ჰოპის სტილშია გადაწყვეტილი, სადაც ავტორი უფრო მეტად რადიკალურ სოციალურ განაცხადს აკეთებს.