თუ ფლობს კვების ობიექტს (ბარს, რესტორანს და ა.შ.), მაღაზიას, სილამაზის სალონს ან ნებისმიერ დაწესებულებას, სადაც იყენებ მუსიკას, შენ აუცილებლად მოგეთხოვება აიღო ლიცენზია მუსიკის გამოყენებაზე და გადაიხადო ჰონორარი. კანონით ამის ვალდებულება გაქვს მიუხედევად იმისა შენს დაწესებულებაში მუსიკოსები ასრულებენ მუსიკას ცოცხალი შესრულებით, რადიო ან ტელევიზორი გაქვს ჩართული, ნაყიდი ლიცენზირებული დისკი, თუ უბრალოდ YouTube-დან „უკრავ“ მუსიკას.
რატომ? სამწუხაროდ ამაზე მოკლე პასუხი არ არსებობს. თუმცა შევეცდებით მაქსიმალურად მარტივად ახსნა მოვუძებნოთ ამ „ვალდებულებას“.
პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში გვაქვს სპეციალური კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, რომელიც იზიარებს იმ საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს რაც დღესდღეობით არსებობს.
ზოგადად, ასევე მნიშვნელოვანია გავიგოთ საავტორო უფლებების ბუნება. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი საკუთარ ნაწარმოების ისეთივე მესაკუთრეა, როგორიც სხვა ნებისმიერი ნივთის, მისი განკარგვა და გამოყენება მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება მატერიალური საკუთრების განკარგვისაგან.
მაგალითისათვის, როდესაც შენ შედიხარ მაღაზიაში, იხდი ფულს, ყიდულობ კარაქს, ეს კარაქი უკვე შენი ფიზიკური საკუთრებაა. შესაბამისად, რადგანაც ფიზიკურ საკუთრებას ამ საგანზე შენ ფლობ, მას შენი სურვილისამებრ იყენებ და მის გამოყენებაზე დამატებით რაიმე რეგულაციის გათვალისწინება არ გიწევს. ამ მხრივ, საავტორო უფლებას სრულიად განსხვავებული ბუნება აქვს. შენ რომ მიდიხარ მაღაზიაში, ყიდულობ მუსიკალურ დისკს (არ აქვს მნიშვნელობა ლიცენზირებულს თუ არა ლიცენზირებულს), მართალია შენ იძენს საკუთრებას მატერიალურ საგანზე - ფიზიკურად დისკზე, თუმცა რაც შეეხება მასში შემავალ მუსიკალურ ნაწარმოებს, შენ მხოლოდ მისი პირადი გამოყენების უფლება გაქვს: მოუსმინო პირადად ან შენს ოჯახის წრესთან ერთად არასაჯაროდ.
შესაბამისად, იმისათვის, რომ შენ ეს მუსიკა „გამოიყენო“: ჩართო რესტორანში, ბარში, გაუშვა რადიოში, შეასრულო ცოცხლად და ა.შ. შენ გჭირდება ორი რამე: აიღო ამის ნებართვა უფლების მფლობელისგან (მისი წარმომადგენელი პირისგან/კომპანიისგან) და გადაიხადო შესაბამისი ჰონორარი.
ამის მიზეზი ის არის, საავტორო უფლების შეძენა ამ საკუთრების განსხვავებული სპეციფიკის გამო დისკის ყიდვით არ ხდება, რადგან საავტორო უფლება მატერიალური ნივთისგან განსხვავებით ამოუწურავი და კვლავწარმოებადია და მუსიკის ნებისმიერი გამოყენებისას ავტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ჰონორარი და გამომყენებელი ვალდებულია მიიღოს ავტორის ნებართვა და გადაიხადოს შეთანხმებული ჰონორარი.
ეს არის ის წესები, რომლებიც დღევანდელ ინდუსტრიაში მოქმედებს და მსგავსი პრაქტიკა უკვე საუკუნეებს ითვლის. არ შეიძლებოდა ყველაფერი ყოფილიყო მარტივი? არა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მაგალითისთვის, ცნობილი სიმღერა ერთხელ რომ გამოვიდოდა CD-ზე, მერე მე, შენ, სხვა ავდგებოდით და ჩვენვე გავამრავლებდით უნებართვოდ, რადიო და ტელევიზია გაუშვებდა უნებართვოდ, რესტორანი და ბარები გაუშვებდა უნებართვოდ და აღარ იარსებებდა ინდუსტრია, რადგან, ბაზარზე აღარ იქნებოდა საჭიროება, რომ მომხმარებელს ავტორის/მომღერლის მიერ გამოშვებული დისკი შეეძინა, მუსიკის საფასური გადაეხადა ნებისმიერი გამოყენებისთვის და ა.შ. მთავარი კი ის არის, რომ ისინი, ვინც ქმნიან თუ ასრულებენ მუსიკალურ ნაწარმოებებს, სწორედ ამ ნაწარმოებების „კვლავ წარმოებით“ ცხოვრობენ და ეს არის მათი პროფესია და შემოსავალი. საავტორო უფლება რომ იყოს მატერიალური საკუთრების მსგავსად ამოწურვადი, ვერ იარსებებდა ინდუსტრიაც.
ხშირად ისმის კითხვები: მე ხომ რადიო/ტელევიზორი/YouTube მაქვს ჩართული? რადიო ხომ იხდის უკვე ლიცენზიის საფასურს? მე რომ ჰონორარს ვიხდი ბიონსეს მიუვა ვითომ ფული? მაიკლ ჯექსონი რომ მოკვდა, მაგის დაკვრისას რაღაზე ვიხადო ფული?..
ეს ყველა კითხვა გასაგებია, რადგან სფერო ძალიან სპეციფიურია და როდესაც სფეროში ჩახედული არ ხარ, ბუნებრივად გიჩნდება მსგავსი კითხვები. ამ კითხვაზე მოკლე პასუხები, რომ: კი უნდა გადაიხადო, კი მიდის უფლების მფლობელამდე თანხა და ა.შ. არ არის საკმარისი და სამწუხაროდ ვერც ორი სიტყვით აიხსნება ეს სისტემა, მაგრამ ამის ახსნა სფეროს არაპროფესიონალისთვის შედარებით მარტივად მაინც შესაძლებელია:
კანონის თანახმად, ასეთ გამოყენებას საჯარო შესრულება ეწოდება და განმარტებულია, როგორც ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენა დეკლამაციის, თამაშობის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით, ადგილზე (ადგილებზე), სადაც საჯარო შესრულება შეიძლება აღქმულ იქნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს.
რას ნიშნავს ეს ჩანაწერი უფრო მარტივ და გასაგებ ენაზე? თუ შენ მუსიკას უსმენ მაგალითისათვის სახლში შენი ოჯახის წევრებთან ან შენი ოჯახის ახლობელ წრესთან ერთად, შენ ამისთვის არ გჭირდება მუსიკის ავტორის ან შემსრულებლისგან აიღო ნებართვა და გადაიხადო ჰონორარი. ეს შეიძლება განიმარტოს როგორც პირადი სარგებლობა. თუმცა, თუ შენ მუსიკა გაქვს ჩართული ნებისმიერ ისეთ ადგილას, სადაც ესწრებიან ან შესაძლოა ესწრებოდნენ (!) ზემოაღნიშნულის გარდა სხვა პირები, მაშინ ამისთვის შენ გჭირდება ნებართვის აღება და ჰონორარის გადახდა. არ აქვს მნიშვნელობა ეს არის ბარი, რესტორანი, მაღაზია, სილამაზის სალონი, სავარჯიშო დარბაზი, პარკი თუ ნებისმიერი სივრცე და არც იმას აქვს მნიშვნელობა ამას აკეთებ სასყიდლიანად თუ უსასყიდლოდ.
რატომ? იმიტომ, რომ მუსიკალური ნაწარმოები არის სხვისი საკუთრება და სხვისი საკუთრების თუნდაც არაკომერციულად გამოყენების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად მესაკუთრემ. სხვა შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მაღაზიიდან უფასოდ პროდუქტის აღება იმ მოტივით რომ ამ პროდუქტს საქველმოქმედოდ იყენებ.
ეს რაც შეეხებოდა გაჟღერების ადგილს, ახლა კი საინტერესოა როგორ განიმარტება გაჟღერების ფორმა. როგორც კანონში ვკითხულობთ, საჯარო შესრულებად ითვლება როგორც ცოცხალი შესრულება, როდესაც მაგალითისათვის მუსიკალური ჯგუფი ასრულებს სხვადასხვა ნაწარმოებს, ასევე როდესაც მუსიკა ჩართულია ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით: რადიო, ტელევიზორი, „მუსიკალური ცენტრი“ და ა.შ. შესაბამისად, მუსიკის გაჟღერების ფორმას, საშუალებას არ აქვს მნიშვნელობა. აქ გადამწყვეტია ის, რომ სხვისი კუთვნილი პროდუქტი - მუსიკა გამოიყენება (ვრცელდება) და საჭიროა მესაკუთრის (ავტორის) ნებართვა.
ის ფაქტი, რომ თუნდაც რადიო უკვე იხდის მუსიკის გავრცელების ჰონორარს, არ ათავისუფლებს სხვა პირს ამ რადიოს მეშვეობით მოახდინოს მუსიკის საჯარო გავრცელება. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რადიო მუსიკის საჯარო გადაცემისთვის იხდის ჰონორარს და არა საჯარო შესრულებისთვის. საჯარო შესრულებისგან განსხვავებით საჯარო გადაცემაა ისეთი გავრცელება, როდესაც შენ მუსიკას ავრცელებ არა იმავე ადგილას, სადაც მუსიკას „რთავ“ (როგორც ეს საჯარო შესრულების დროს ხდება), არამედ შენგან დისტანცირებულ ადგილებში, ანუ შენს (გამავრცელებელს) და მომხმარებელს (მსმენელს) შორის არის დისტანცია და შესაბამისად შენ, როგორც რადიო ამ საჯარო გადაცემისთვის იღებ ლიცენზიას და შედეგად მსმენელებს საშუალება აქვთ პირადი სარგებლობის ფორმით: ოჯახში და ოჯახის ახლობელ წევრებში მოუსმინონ მუსიკას, ხოლო თუ „მოსმენას“ ახდენენ საჯარო სივრცეში, ანუ იმავე სივრცეში (სადაც ისინი რთავენ მუსიკას) არიან არა ოჯახის წევრებიც, მაშინ ისინი ვალდებულნი არიან აიღონ ნებართვა/ლიცენზია და გადაიხადონ ჰონორარი. ანალოგიური შემთხვევაა, როდესაც ჩართულია ტელევიზორი, YouTube და ა.შ. ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი და მიუღებელიც აღმოჩნდეს, მაგრამ ტაქსის მძღოლიც კი, როდესაც მუსიკას რთავს და ამ მუსიკას შესაძლოა ისმენდნენ არა ოჯახის წევრები (ე.წ. „კლიენტები“), ისიც ვალდებულია ჰქონდეს მუსიკის საჯარო შესრულებაზე ნებართვა/ლიცენზია.
ისმება კითხვა, თუ ვის უნდა გადავუხადოთ ჰონორარი? კანონი ცალკე ვალდებულებას ვერ შექმნიდა, თუ არ იარსებებდა ამ ვალდებულების შესრულების მექანიზმი. იმისათვის, რომ დაიცვა კანონი და საჯარო შესრულებისათვის აიღო ნებართვა და უფლების მფლობელებს გადაუხადო ჰონორარი, საჭიროა, რომ კანონმა ამის ეფექტური გზა შემოგთავაზოს.
როდესაც ბარში ხდება ასობით და ათასობით მუსიკის შესრულება, ხოლო ამ აურაცხელ მუსიკალურ ნაწარმოებს მრავალი ავტორი ჰყავს, რომლის მოძიებაც და ყველასგან ნებართვაც შეუსრულებელი მისიაა, კანონი მომხმარებელს სთავაზობს საკუთარი პასუხისმგებლობის შესრულების მარტივ გზას. ეს გზა პრაქტიკულია არამარტო მომხმარებლის კუთხით, არამედ აღნიშნული გზა თავად ავტორის დახმარებასაც ემსახურება, რადგან ავტორსაც უჭირს მომხმარებლების სიმრავლეს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს. დღეს არსებული მექანიზმი უკვე მე-18 საუკუნიდან არსებობს მსოფლიოში. ამ პერიოდიდან იღებს სათავეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვა.
პრინციპი მარტივია, თავად ავტორებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთი ორგანიზაცია (კოლექტიური მართვის ორგანიზაცია), რომელსაც გადასცემდნენ საკუთარ ქონებრივ უფლებებს და ეს ორგანიზაცია იქნებოდა პასუხისმგებელი ჰონორარის შეგროვებასა და მერე ამ ჰონორარის ავტორებს შორის განაწილებაზე. ასეთი ორგანიზაციები არსებობს საქართველოშიც: მუსიკის ავტორებისთვის „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ (GCA) და მუსიკის შემსრულებლებისთვის (მომღერლები, მუსიკოსები) „საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაცია“ (GNRA). ეს ორგანიზაციები აერთიანებენ როგორც ადგილობრივ ავტორებს / შემსრულებლებს, ასევე წარმოადგენენ მსოფლიოს სხვა ქვეყნების ავტორებს / შემსრულებლებს ასეთი ქვეყნების მსგავს ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებებით.
მსოფლიოში ასეთ ორგანიზაციებში გაერთიანებული არიან ყველა ცნობილი თუ არა ცნობილი ავტორებიც, დაწყებული ბობ დილანიდან, დამთავრებული ფარელ ვილიამსით. შესაბამისად, რადგანაც ასეთი ორგანიზაცია არის ყველა ქვეყანაში, ეს ორგანიზაციები ერთმანეთთან დებენ ურთიერთწარმომადგენლობით ხელშეკრულებას და წარმოადგენენ როგორც საკუთარ ასევე ამ მეორე ქვეყნის რეპერტუარსაც.
სისტემა მუშაობს შემდეგნაირად: ქართულ ორგანიზაციას, გაწევრიანებული ჰყავს ადგილობრივი უფლების მფლობელები და წარმოადგენს მათ პირდაპირ და ასევე გაფორმებული აქვს ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულება სხვა ქვეყნის ანალოგიურ ორგანიზაციასთან და წარმოადგენს მათ რეპერტუარსაც და შესაბამისად საკუთარი რეპერტუარი გადაცემული აქვს სხვა ქვეყანაში შესაბამის ორგანიზაციისათვის. ანუ, ქართული ორგანიზაცია საქართველოში აგროვებს ქართველებზეც და უცხოელებზეც. შემდეგ, ქართველებს უხდის პირდაპირ და უცხოელებს უხდის იმ ორგანიზაციას, რომლის წევრიც არის ეს უცხოელი ავტორი / შემსრულებელი და შემდეგ ეს უცხოური ორგანიზაცია უნაწილებს თავის ავტორებს / შემსრულებლებს, ასევე, პირიქით, უცხოური ორგანიზაცია წარმოადგენს ქართველებსაც და ქართული რეპერტუარის შესრულებისას უნაწილებს ქართველებისთვის შეგროვებულ ჰონორარს ქართულ ორგანიზაციას და ეს უკანასკნელი უნაწილებს ქართველ წევრებს საქართველოში.
აქედან გამომდინარე, თუ შენს ობიექტში უკრავ ნებისმიერი ცნობილი ავტორის/შემსრულებლის სიმღერას, ამ სიმღერის გაჟღერებისათვის გადახდილი თანხა მისდის პირდაპირ ავტორს / შემსრულებელს თუ იგი ქართველია, ხოლო თუ უცხოელია იმ ქვეყნის კოლექტიურ ორგანიზაციას, რომლის წევრიც ეს უცხოელი ავტორი/შემსრულებელია.
თუ ავტორი გარდაცვლილია, აქაც სიტუაცია მარტივია, საავტორო უფლებები მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. როდესაც ავტორი გარდაცვლილია მის ჰონორარს იღებენ მისი მემკვიდრეები და ეს მემკვიდრეები ხდებიან კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრები.
როდესაც მოსარგებლე (გამომყენებელი) იღებს ლიცენზიას და იხდის შესაბამის ჰონორარს, იგი ასევე ვალდებულია წარუდგინოს კოლექტიური მართვის ორგანიზაციას იმ ნაწარმოებების ჩამონათვალი რასაც ის იყენებს. სწორედ ამ ჩამონათვალის საფუძველზე და გადახდილი საფასურის შესაბამისად ხორციელდება ჰონორარის განაწილება და გადახდა. შემოსული თანხა ნაწილდება წარმოდგენილი ნაწარმოებების ავტორებზე ამ ნაწარმოებების გამოყენების პროპორციულად.
რაც შეეხება ჰონორარის ოდენობას, ჰონორარი არსად არ არის დაკავშირებული მუსიკის რაოდენობასთან, ხანგრძლივობასთან, ხარისხთან, ჟანრთან, წარმომავლობასთან და ა.შ. ჰონორარი ყოველთვის იანგარიშება მომხმარებლის (მოსარგებლის) საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით და ყველა სახის გამოყენებაზე არსებობს დამოუკიდებელი ტარიფის სტრუქტურა. კოლექტიური ორგანიზაციები, როგორც წესი, არ იგონებენ ახალ ველოსიპედს და ტარიფის სტრუქტურა უმეტესად იგივეა როგორც სხვა ქვეყნებში.
თუ რესტორნის ტარიფი დამოკიდებულია რესტორანში არსებულ დასაჯდომ ადგილებზე, მაღაზიის ტარიფი დამოკიდებულია ფართზე, რადიოს ტარიფი შემოსავალზე და ა.შ. ხოლო ის თუ რამდენი მუსიკალური ნაწარმოები იქნება გაჟღერებული, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ერთი ნაწარმოები თუ 10 000 ნაწარმოები, ტარიფით დადგენილი მიღებული ჰონორარი როგორც უკვე აღვნიშნეთ განაწილდება ამ ნაწარმოებ(ებ)ზე (მის ავტორებზე/შემსრულებლებზე) პროპორციულად. ტარიფი კი არ არის ინდივიდუალური და ყველა მოსარგებლეებისათვის საერთოა და ასევე საჯაროდ არის გამოქვეყნებული კოლექტიური მართის ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე.
ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ თუ რა ხდება მაშინ, როდესაც მაგალითისათვის მაღაზიას არ აქვს საშუალება, რომ აღრიცხოს გამოყენებული ნაწარმოები, ფონად აქვს ჩართული რადიო და ვერც ცალკე თანამშრომელს დაიქირავებს ნაწარმოებების აღსარიცხავად. ამ შემთხვევაშიც კოლექტიური მართვის ორგანიზაციებს გააჩნიათ საერთო პრაქტიკა.
1. რიგ ქვეყნებში კოლექტიური მართვის ორგნიზაციები აყენებე ე.წ. მუსიკის ამომცნობ მოწყობილობებს, რომელიც ახდენს გაჟღერებული მუსიკის იდენტიფიცირებას, თუმცა ეს პრაქტიკა არ არის უნივერსალური ორი რამის გამო: ა) იმისათვის, რომ მუსიკა ამოიცნო, გაჟღერებული მუსიკა უნდა იყოს შენს ბაზაში და ასეთი ხშირად არ არის ან რთულად ამოსაცნობია, თუ ხდება მუსიკის ცოცხლად შესრულება; ბ) ასეთი მოწყობილობა არ არის უფასო და მისი საფასურის გადახდას არ თანხმდებიან მუსიკის გამომყენებლები, განსაკუთრებით მცირე ზომის ბიზნესები, რომლისთვისაც ისედაც დიდი ტვირთია ჰონორარის გადახდა, ხოლო თავად კოლექტიურიმართვის ორგანიზაციამ ეს ხარჯი რომ დაფაროს, ეს თანხა გამოაკლდება ისევ უფლების მფლობელს და ზოგ შემთხვევაში, მაგალითად ისევ რომ ავიღოთ მცირე ბიზნესი, რომელიც იხდის მიზერულ თანხას, ამ ობიექტში ასეთი აპარატურის დაყენება უფრო დიდი ხარჯი შეიძლება იყოს, ვიდრე ამ ობიექტის მიერ გადახდილი ჰონორარი.
2. ამომცნობი აპარატურის გარდა, კოლექტიური მართვის ორგანიზაციები ისეთი ობიექტებიდან მიღებულ თანხას, სადაც ვერ ხერხდება მუსიკის იდენტიფიცირება (არ აწვდის გამომყენებელი აბ ზედმეტად ხარჯიანია იდენტიფიცირების აპარატურის განთავსება) ჰონორარის განაწილებას აკეთებენ ე.წ. „ანალოგიის პრინციპით“. როგორც წესი, ივარაუდება, რომ ქვეყანაში რა მუსიკაც ვრცელდება ბარებშიც, რესტორნებშიც, მაღაზიებშიც და ა.შ იგივე მუსიკა ჟღერს ქვეყნის სხვადასხვა რადიოში. თუ არსებობს სხვადასხვა სახის რესტორნები და ბარები, რომლებიც სულ სხვადასხვა სახის და ჟანრის მუსიკას უკრავენ, არსებობს სხვადასხვა ჟანრის და ფორმატის რადიოებიც. შესაბამისად, ალბათობაც საკმაოდ მაღალია, რომ ჯამში იგივე მუსიკა ჟღერს ხსენებულ ობიექტებშიც. აქედან გამომდინარე, ისეთი ობიექტისგან მიღებული ჰონორარი, რომელსაც არ მოჰყვება გაჟღერებული ნაწარმოებების ჩამონათვალი, ნაწილდება სწორედ სხვადასხვა ჟანრის რადიოების გაერთიანებულ პროგრამაზე.
საბოლოო ჯამში, ჰონორარის შეგროვებისა და განაწილების პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი ჯაჭვია. თანამედროვე სამყაროში ამ პროცესის დიდი ნაწილი უკვე ხორციელდება ავტომატიზირებულად შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რაც აიოლებს ზღვა მასალის დამუშავებასა და „პროცესინგს“.
კიდევ ერთი საინტერესო კითხვაა თუ რატომ უწევს გამომყენებელს ხშირად ორი ჰონორარის გადახდა. მარტივი პასუხია, რომ ერთი საავტორო უფლებების ჰონორარია და მეორე მომიჯნავე უფლებების ჰონორარი, არ არის საკმარისი, რადგან ხშირად გაუგებარია თუ რა არის მომიჯნავე უფლებები.
ამ შემთხვევაში საავტორო უფლებების ჰონორარი მისდით ნაწარმოების შემქმნელებს - მის ავტორებს: კომპოზიტორს, ტექსტის ავტორს, ხოლო მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის ამ ნაწარმოების შემსრულებელს და ამ ჩანაწერის დამამზადებელს (სტუდიას). როდესაც ობიექტში რთავ რადიოს და ისმის კონკრეტული მუსიკა, ამ მუსიკის ჩართვაზე ნებართვა არ გაქვს აღებული არც ამ მუსიკის შემქმნელისგან (საავტორო უფლება - კომპოზიტორი, ტექსტის ავტორი) ასევე ამ მუსიკის შემსრულებელთან (მომიჯნავე უფლება - მომღერალი, ჯგუფი და ჩამწერი სტუდია).
მაინც არ გამოვიდა მარტივი და კიდევ გაქვს კითხვები? მოგვწერეთ!
コメント